top of page

საფრანგეთი ყველაზე ცხელი 1 მაისის წინ და შემდეგ


საფრანგეთში უკვე სამი თვეზე მეტია გრძელდება პროტესტი ემანუელ მაკრონის საპენსიო „რეფორმის“ წინააღმდეგ, რომლის მთავარი ნაწილია საპენსიო ასაკის გაზრდა ამჟამინდელი 62 წლიდან 64 წლამდე. სახალხო პროტესტს დასაწყისიდანვე საკმაოდ მძაფრი წინააღმდეგობის ფორმა ჰქონდა და ამ მუხტს დღემდე ინარჩუნებს.


აპრილის თვიდან პროტესტის ორგანიზატორი პროფკავშირების და აქტივისტების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყოველკვირეულად ერთი დღე გამოეყოთ მასობრივი გაფიცვების და სახალხო დემონსტრაციებისთვის. პროტესტში მონაწილე ადამიანების რიცხვი ამ დროის განმავლობაში იკლებდა, რადგან რამდენიმე თვიან პროტესტში მილიონობით ადამიანის მუდმივი მობილიზება შეუძლებელი იყო. გამპროტესტებელთა რიცხვის კლება არის ამ ეტაპზე მაკრონის მთავრობის ძირითადი იმედი, როგორც საპენსიო რეფორმის განხორციელებისთვის, ასევე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამ ვითარებაში მკვეთრ ნიშნულად მოჩანდა 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე. მთელი მსოფლიო ელოდა, რომ ამ დღეს პარიზში განსაკუთრებულად მწვავე დემონსტრაციები გაიმართებოდა.



ფოტო: Alain JOCARD / AFP

1 მაისამდე ბოლო მასშტაბური აქცია საფრანგეთში გაიმართა 13 აპრილს, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ საპენსიო რეფორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 13 აპრილის აქციებში მონაწილეობდა 400 ათასამდე ადამიანი, რაც მარტის მაჩვენებელზე, როცა პროტესტანტთა რიცხვი მილიონს აჭარბებდა, მნიშვნელოვნად ნაკლებია. მეორე დღეს, 14 აპრილს პოლიციის კორდონით გარშემორტყმულ შენობაში საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ საპენსიო „რეფორმის“ კონსტიტუციასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა არ დაადგინა. ამით მაკრონის მთავრობამ დაძლია უკანასკნელი სამართლებრივი დაბრკოლება საპენსიო ასაკის გასაზრდელად. საკონსტიტუციო საბჭომ ასევე უარი თქვა საპენსიო „რეფორმის“ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნაზე, რითაც ოპოზიციას მოუჭრა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების შედარებით ზომიერი და დროში გაწელილი გზა.


მიუხედავად რაოდენობრივი კლებისა, საპროტესტო მუხტს ბევრი არაფერი დაკლებია. უკმაყოფილო ფრანგების ნაკადი საკმარისად რადიკალური და მრავალრიცხოვანია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მშვიდად არ იგრძნოს თავი. მომიტინგეები პერიოდულად ბლოკადაში აქცევდნენ სხვადასხვა მსხვილ ინდუსტრიულ ობიექტს, კეტავდნენ მნიშვნელოვან გზებს. ტრადიციულად პროტესტის ცხელ კერად რჩება საფრანგეთის უნივერსიტეტები. აპრილის თვის განმავლობაში გრძელებოდა შეტაკებები მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის პარიზში, ლიონში, ნანტში, მარსელში და სხვა ფრანგულ ქალაქებში. აქციის მონაწილეები 13 აპრილს შეიჭრნენ უმდიდრესი ფრანგის ბერნან არნოს კომპანიის LVHM-ის ოფისში და მოუწოდეს ხელისუფლებას, თუ ისინი ვერ ახერხებენ საპენსიო ფონდის დასაფინანსებლად საჭირო თანხის გამოძებნას, ეს თანხა უმდიდრესი მილიარდელების დაბეგვრით მიეღოთ. ქალაქ რენში ხალხმა მოლოტოვის კოქტეილებით ცეცხლი წაუკიდა პოლიციის შენობას. სახალხო პროტესტის ახალ და საკმაოდ ყურადღება მისაქცევ ფორმად იქცა საფრანგეთის მთავრობის წევრების თუ პრეზიდენტ მაკრონის სხვადასხვა საჯარო შეხვედრების ჩაშლა. პროფკავშირის წარმომადგენლები ორგანიზებულად იკრიბებოდნენ საფრანგეთის მასშტაბით ყველა იმ ადგილას, სადაც ფრანგი მინისტრები საჯარო შეხვედრებს მართავდნენ და საპროტესტო შეძახილებით და ალყაში მოქცევით, შლიდნენ ამ ღონისძიებებს. განსაკუთრებით აგრესიულად ხალხი აპროტესტებდა მაკრონის საჯაროდ გამოჩენას. პრეზიდენტმა თავი შეიკავა ფეხბურთში საფრანგეთის თასის ფინალის დროს მოედანზე ჩასვლისგან და იქ ფეხბურთელებთან მისალმებისგან, რაც მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ტრადიციულ ცერემონიალურ პრივილეგიას წარმოადგენდა. საფრანგეთის თასის ფინალზე დაგეგმილი პროტესტის გამო, სტადიონზე 3000 პოლიციელი იყო მობილიზებული, 1000 პოლიციელით მეტი ვიდრე გაცილებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე 2022 წელს.


მაკრონი, რომელიც მანამდე პროფკავშირებთან შეხვედრაზე უარს აცხადებდა, მოულოდნელად თავად გამოვიდა მათთან შეხვედრის ინიციატივით და თხოვა პროფკავშირების ხელმძღვანელობას საკონსტიტუციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეხვედროდნენ მას. თუმცა პროფკავშირების გეგმები განსხვავებულია. იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება არ აპირებს „რეფორმის“ უკან წაღებას, პროფკავშირების ხელმძღვანელობის თქმით, შეხვედრას აზრი არ ექნებოდა. მათ საპასუხოდ მოუწოდეს მაკრონს, არ მოაწერა ხელი კანონისთვის და არ აემოქმედებინა ეს „რეფორმა“. პარალელურად პროფკავშირებმა დაანონსეს საყოველთაო გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 მაისს.


მოლოდინი გამართლდა და 2023 წლის 1 მაისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური პროტესტის გამოხატულებად იქცა თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში. პროფკავშირების მონაცემებით ამ დღეს მთელ ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა 2.3 მილიონი ადამიანი, მათ შორის 550 ათასი პარიზში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი პარიზში საპენსიო “რეფორმას” 112 ათასი ადამიანი აპროტესტებდა, სრულიად საფრანგეთში კი 782 ათასი. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის განსაკუთრებით სასტიკი შეტაკებები მოხდა პარიზში. პარიზის პოლიციის პრეფექტმა დემონსტრაციების დროს ძალადობის დონეს უპრეცედენტო უწოდა და 400-ზე მეტი პოლიციელის დაშავების თაობაზე დაიჩივლა. აქციების დასაშლელად პარიზის გარდა ცრელმსადენი გაზი გამოიყენა პოლიციამ ნანტში, ლიონსა და ტულუზაში. საფრანგეთში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტები 1995, 2003, 2010, 2019 წლებშიც გამართულა, თუმცა 2023 წლის პროტესტი ყველაზე ხანგძლივი და ყველაზე მრავალრიცხოვანია მათ შორის. პროფკავშირები მორიგ გაფიცვას და მრავალრიცხოვან აქციას გეგმავენ 6 ივნისს. 2 დღით ადრე ვიდრე პარლამენტი განიხილავს პარტია “დაუმორჩილებელი საფრანგეთის” საკანონდებლო ინიციატივას საპენსიო ასაკის გაზრდის უარსაყოფად. თუმცა საპარლამენტო თუ სხვა ინსტიტუციური პროცესების მიმართ ხალხის ნდობა შერყეულია. საფრანგეთის მშრომელთა კლასს ესმის, რომ გაიზრდება თუ არა საპენსიო ასაკი, ეს ქუჩის პროტესტის მრავალრიცხოვნობაზე და უკომპრომისო წინააღმდეგობაზე იქნება დამოკიდებული.




გამოყენებული წყაროები:


Comentários


bottom of page